თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში აღდგა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, გასული ღამის განმავლობაში, ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში 3 ავიარეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო. კერძოდ, გაუქმდა თურქეთის ავიახაზების სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი - 2 რეისი, „პეგასუსის“ - სტამბოლი-თბილისის რეისი და გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-თბილისის რეისი.