თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იემენელი ჰუსიტები ტერორისტებად ხელახლა გამოაცხადა

დაჯგუფენა ანსარალაჰი, ანუ ფართოდ ცნობილი, როგორც ჰუსიტების მოძრაობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

მოძრაობის ტერორისტულ დაჯგუფებად ოფიციალური გამოცხადება აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ მოძრაობას მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომა შეუწყვიტოს.

იემენელი ჰუსიტები აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტერორისტებად ჰყავდა გამოცხადებული, თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოძრაობას ეს სტატუსი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2021 წელს შეუწყვიტა. ამ ქმედების მიზეზად სახელდებოდა იემენის სამოქალაქო ომის მოლაპარაკებებში შუამავლობის როლის მორგების მიზნები.

გასულ თვეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება, რომ 30 დღეში იემენელი ჰუსიტები ტერორისტებად გამოცხადდებოდნენ. ერთთვიანი დაყოვნება განპირობებული იყო იმით, რომ იემენის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ, ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო. იემენელი ჰუსიტებისადმი დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, ზოგიერთი ორგანიზაცია გააფრთხილეს, რომ იემენში მათი მუშაობა შეჩერდება. აშშ დასჯის ნებისმიერს, ვინც გასამხედროებულ ორგანიზაციას დაეხმარება.

ამას გარდა, ბლინკენი იანვარში ამბობდა, რომ 30-დღიანი შეფერხების მიზანი იყო ჰუსიტებისთვის დროის მიცემა მათი თავდასხმების შესაჩერებლად. თუმცა რადიკალური მოძრაობა წითელ ზღვაში ხომალდების მიზანში ამოღებას დღესაც აგრძელებს.

ამას გარდა, გასულ თვეში ბლინკენი ამბობდა, რომ შესაძლებელი იქნება ტერორისტის სტატუსის კვლავ ჩამორთმევა, თუ ჰუსიტები აგრესიულ ქმედებებს შეაჩერებნენ.

17 თებერვალს იემენელი ჰუსიტების ნასროლი რაკეტა მოხვდა ინდოეთისკენ მიმავალ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელსაც ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამ იერიშების მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს აგრძელებენ. წითელ ზღვასა და ადანის ყურეში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა