თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

„ბერლინალეზე“ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა და ფრანჩესკო მელზი დ'ერილიმ კინოცენტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრები აქტიურ შეხვედრებს მართავენ.

ეროვნული კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ოდიშარიამ, პროდიუსერ არჩილ გელოვანთან, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად შეხვედრა გამართა ცნობილ პროდიუსერ ფრანჩესკო მელზი დ'ერილისთან. საუბრისას ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა და ფრანჩესკო მელზი დ'ერილიმ განიხილეს საქართველოს კინოცენტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები კოპროდუქციის მიმართულებით.

15-25 თებერვალს ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას.

ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა