„რესპუბლიკურის“ თანამშრომლები შიმშილობას აპირებენ
„უკიდურეს ფორმაში ვგულისხმობთ შიმშილობას. დაწყებულია უკვე ამისთვის მომზადება. ველოდებით გამოხმაურებას პრემიერ მინისტრისგან. მან ორჯერ თქვა, რომ უნდა დაიწყოს კონსულტაციების „რესპუბლიკურთა“ დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც ჯერ არ ჩანს. ვიცით, რომ საქართველოში არ არის და დაველოდებით ჩამოსვლას, შემდეგ ვიმოქმედებთ.
ექიმების ყველა პროტესტის რეჟიმშია, არცერთ ექიმს წასვლაზე განცხადება არ დაუწერია“,- ამის შესახებ განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედი იყო. როგორც მან აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება.
იმავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.
თუმცა, ექიმებისთვის, შეთავაზებული პირობები მიუღებელია. როგორც ისინი აცხადებენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „რესპუბლიკურის“ ადგილზე, საავადმყოფო აღარ აშენდება, მათი გადანაწილება კი, ხელისუფლებას „რუხის კლინიკაში" სურს.