თეგებით ძიება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტები თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა.

პროექტის თანახმად, სრულდება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება, რომელიც ბუნების დაცვას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციას მოიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს მიერ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში, რატიფიცირებულ/შეერთებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.

კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო „ერთი ფანჯრით“ მომსახურების სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობების გამარტივება და გაციფროვნება. გაციფროვნებული სისტემა კი საშუალებას მისცემს ნავსადგურებს, გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას.

სხდომაზე, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა