თეგებით ძიება
20. 02. 2024 მსოფლიო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე განახლების სამუშაო სწრაფად უნდა დასრულდეს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის დროს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახლო მომავალში აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს პირველად მიაღწია 7.5 მილიარდ დოლარს. მიზანდასახული გვაქვს, რომ გავზარდოთ ძალისხმევა, რათა $15 მილიარდის მიზანს მივაღწიოთ. კრიტიკული გამოწვევების დროს, ცხადია, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში საკუთარი პოტენციალის განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. იმისთვის, რომ ამ ხაზიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები. სექტემბერში, თურქეთის კარიბჭე ნახიჩევანში ვიზიტის დროს მე და პრეზიდენტმა ალიევმა სწორედ ამ გაგების საფუძველზე მოვაწერეთ ხელი პროტოკოლს, რომლის მიზანია ყარსი-ნახიჩევანის სარკინიზო პროექტის შექმნა." – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ კასპიიდან გაზის მიღება და ევროპისთვის მიწოდება პრიორიტეტული საკითხია.

"TANAP-ის (ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის პროექტი) მოცულობის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთისთვისა და ევროპისთვის ჩვენს პრიორიტეტებს შორის არის. ასევე მსურს შეგახსენოთ, რომ ენერგეტიკულ კოოპერაციას შევმატეთ ახალი განზომილება იღდურ-ნახიჩევანის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ნახიჩევანში ჩემი ვიზიტის დროს." – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გასული წლის 15 მაისს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა. საქართველოს რკინიგზაში ამბობდნენ, რომ მიზეზი მონაკვეთზე არსებული სარემონტო სამუშაოები იყო.

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე, მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის,"დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა." – ამბობდნენ გასულ წელს საქართველოს რკინიგზაში.

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა.

საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი 2017 წლის ოქტომბერში დაიძრა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 826 კილომეტრია, აქედან 254 კილომეტრი საქართველოზე გადის.

2019 წელს თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაძლოა, რუსეთის რკინიგზას დაკავშირებოდა. საქართველოს მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროექტში სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა