ტაქსების ლიცენზია გაიაფდა, უფასოდაც კი გაიცემა
A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და გაქირავების სერვისისთვის ინტერნეტ პლატფორმაზე, ფასები შემცირდა.
განცხადებების მიხედვით, ტაქსის ლიცენზიის გასაყიდი ფასი მაქსიმუმ 8000 ლარია, ეს მაშინ როდესაც, გასული წლის გაზაფხულზე, როდესაც ვებ-გვერდი შეიქმნა, 15 000 ლარზეც კი ადიოდა.
თუმცა, აღნიშნულ პლატფორმაზე მომრავლდა განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ტაქსის ლიზენციას ერთი, ან ორი წლით უფასოდ გსცემენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გასული წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა აქვთ, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ღირს ლიცენზიების შესყიდვა და გაქირავება.
licenzia.ge-ს პლატფორმაზე, ტაქსის ლიცენზიის მინიმალური გასაყიდი ფასი 400 ლარია (შარშან, გაზაფხულზე 700 ლარი იყო), მაქსიმალური კი, 8 000 ლარს აღწევს.
რაც შეეხება გაქირავებას, აქ ფასები გაქირავების ვადებზეა დამოკიდებული და დღეში 10 ლარიდან, ხოლო თვეში 50 ლარიდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე გასაყიდი ლიცენზიების რაოდენობა 39 ერთეულს აღწევს, გასაქირავებელი კი 91-ს.
ცნობისათვის, A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – „ტაქსი თბილისი“.