თეგებით ძიება

სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია - ეკა ხერხეულიძე

სააკაშვილის მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, მინდა შეგახსენოთ, ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილის განცხადება რუსულ გავლენებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურია არჩევნების პერიოდში. ხერხეულიძე აცხადებს, რომ წინა კვირას ნავალნის მკვლელობის შემდეგ სააკაშვილის საკითხი აქტუალური გახდა, რადგან საქართველოში არჩევნები ახლოვდება და პუტინის სურვილები მასთან მიმართებით დაუკმაყოფილებელია.

„წინა კვირას მომხდარი შემზარავი ტრაგედია მთელმა თავისუფალმა სამყარომ აღიქვა კატასტროფად, ვგულისხმობ ადამიანის ციხეში მკვლელობას, ნავალნის მკვლელობას, ბუნებრივია, ამ ფაქტიდან გამომდინარე გაჩნდა აქტუალური საკითხი, რომელიც მომენტალურად, პარალელურად საფრთხის შემცველი გახდა. ჩვენ ყველას ერთად გვახსოვს მკვლელობის შემკვეთის, პუტინის განცხადებები, თანაბარ პირობებში და უფრო ხშირად მიხეილ სააკაშვილის სახელის და გვარის ხსენების დროს საქართველოსთან მიმართებით ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას. გავიხსენოთ 2012 წელი - როცა ამ ცივსისხლიან მკვლელს დაუსვეს კითხვა სააკაშვილზე, მან ჟურნალისტს უპასუხა -„ საქართველოში როდის არის არჩევნები, შემახსენეთ“. ეს იყო მისი პასუხი. დღეს ჩვენ ძალიან მალე ვდგავართ არჩევნების მიჯნაზე და რა თქმა უნდა, პუტინის სურვილები დაუკმაყოფილებელია სააკაშვილთან მიმართებით.

არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს ქართველი სამამულო ექსპერტების წიაღსვლებსა და დასკვნებს მასთან მიმართებით, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად საღად აფასებს რისკს და საშიშროებას. როცა პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს. ამიტომ სამიზნე დღეს "ვივამედში" იმყოფება და მისი უსაფრთხოების, მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა პერიოდში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა, ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამიტომ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა. გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,“- განაცხადა ხერხეულიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა