თეგებით ძიება

კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა -  შეხვედრებს ის დღეიდან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და ნატოში ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

"დღეს იწყება ახალი პრემიერმინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ვიზიტი შედგება ბრიუსელში. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომელიც იგზავნება ჩვენი მთავრობის მხრიდან არა მხოლოდ ევროპისადმი და ევროკავშირისადმი, არამედ მთელი მსოფლიოსადმი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის სწორედ ევროკავშირი და ნატო". - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. 

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

მათივე მითითებით, კობახიძე შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთანაც გამართავს და ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 19 თებერვალს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი არიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა