ანასტასია გოტფრიდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. +87 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 117 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში - 140 კგ დააფიქსირა და ვერცხლი მიიღო. ორჭიდში მოგროვებული 257 კილოგრამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ანასტასია გოტფრიდმა 2023 წელსაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ორჭიდში მან 252 კილოგრამი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსაჯების გუნდს ჟიურის ფუნქციით ხელმძღვანელობს უმაღლესი კლასის საერთაშორისო მსაჯი კობა ობოლაშვილი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მაღალი დონის ასპარეზობაზე ჟიურის წევრი ქართველია.