2026 წელს დუბაიში საჰაერო ტაქსები იფრენენ
2026 წელს კალიფორნიული საავიაციო კომპანია Joby Aviation დუბაიში საჰაერო ტაქსის მომსახურებას აამოქმედებს. მან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სატესტო ფრენები მომდევნო წლიდან შესრულდება. თუ საფრენი აპარატები გამოცდას წარმატებით გაივლიან, Joby Aviation-სა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შესაძლებლობა ექნებათ თავი მოიწონონ ავიატაქსის მსოფლიოში პირველი რეგულარული რეისებით.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ საამიროებში ავიატაქსით ოპერირებისთვის ექსკლუზიური უფლება 6 წლით მოიპოვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მხარდამჭერი, ფინანსურ მექანიზმების მონიტორინგის ჩათვლით, დუბაის საგზაო-სატრანსპორტო უწყება იქნება (RTA).
Joby-ს საჰაერო ტაქსის პილოტთან ერთად ოთხამდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება და 322 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან პალმ ჯუმეირამდე (ხელოვნური კუნძულები დუბაის სანაპიროებზე) მანძილის 10 წუთში დაფარვა შეეძლება.
წყარო: „ფორტუნა“