ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგზე რუსეთმა ძებნა ისევ გამოაცხადა
ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (МВД) ძებნა ხელახლა გამოაცხადა.
МВД-ს მონაცემებში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ოლეგ ნავალნი სისხლის სამართლის დარღვევის გამო იძებნება.
როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერს, რომ ოლეგს ახალ საქმესთან დაკავშირებით ეძებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ სისხლის სამართლის რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან.
ოლეგ ნავალნი 2022 წლის იანვრიდან ე.წ. "სანიტარულ საქმეზე" იძებდნებოდა. ამ საქმის ფიგურანტები ეჭვმიტანილები იყვნენ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში, რაშიც იგულისხმებოდა მათი მოწოდებები, გამოსულიყვნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე.
2021 წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ოლეგ ნავალნის "სანიტარულ საქმეზე" პირობითი სასჯელი შეუფარდა. თუმცა, 2022 წელს სისხლის სამართლის ინსპექციამ პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა მოითხოვა. თებერვალში სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ დროისთვის ოლეგი რუსეთში არ იმყოფებოდა.
2014 წელს ოლეგ ნავალნის ივ როშეს საქმეზე თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ექვსი თვით მიესაჯა. ის 2018 წელს გაათავისუფლეს.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი, რომელსაც ოჯახის წევრებს არ აძლევენ. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლა ევროპაში იმყოფება, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.