"ოჯახი გვერდში მიდგას, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია?
პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელსაც საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და უკვე მესამე თვეა, რაც პოლიტიკური თავშესაფარის მიღებას ბელგიაში ცდილობს, ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოჯახი მას ყველანაირად გვერდში უდგას, თუმცა ფიქრობს, რომ მომხდარი დღემდე ვერ აპატიეს.
„61 წლის კაცი ვარ და ჩემი აქ ჩამოსვლამდე ორი თვით ადრე, ვინმეს რომ ეთქვა ემიგრანტი გახდებიო, მგონია, თავში აგურს ჩავარტყამდი, არა, მოძალადე კი არ ვარ, ისე ვამბობ სიტყვის მასალად. ბოლო დღეებში სანამ საქართველოს დავტოვებდი, მითხრეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ, რადგან იმ ქალბატონმა იჩივლა, თითქოს "ფეისბუქით" გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა, რაც შეუძლებელია, დამბლოკა და მეგობრობას როგორ გავუგზავნიდი?! სისულელეები ამტკიცა სასამართლოზე. მას დამცავი ორდერი მისცეს, მე კი სახლში მომადგნენ და შემაკავებელი გამომიწერეს, თურმე ასმათს აწუხებო. ამ ორდენის შემდეგ ყოველ წუთში შეეძლო პოლიციას ჩემი დაკავება. 17 იანვარს გავასაჩივრე და როდესაც ისევ დამიტოვეს დამცავი ორდენი, მივხვდი რომ საციხედ ვიყავი გამზადებული. საფრანგეთში 28 დეკემბერს გამოვფრინდი. ჯობდა ამერიკაში წავსულიყავი, ევროპა არ უნდა ამერჩია, მითუმეტეს საფრანგეთი.
აქ სიკვდილს არ ვაპირებ, ენის სწავლა მიჭირს, ინგლისურიც არ ვიცი. როდესაც მეკითხებიან, რას გამოასწორებ, რას შეცვლი შენს ცხოვრებაშიო, არაფერს შევცლიდი, ერთი იმას შევცვლიდი, რომ უცხო ენებს ვისწავლიდი და უფრო მეტ განათლებას მივიღებდი. ენის გარეშე ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ემიგრაციაში. მე აქ დამრჩენი არ ვარ. ხელისუფლების შეცვლას ვუცდი. ამ გადმოსახედიდან ოპოზიცია ძალიან სუსტია და ეს ხალხი ამ ხელისუფლების შემცვლელი არ არის, 2024-ში ისვე "ოცნება" გაიმარჯვებს. 61 წლის კაცი ვარ, ამოვიდა კისერში... სულ ოპოზიციაში ვიყავი“, - ამბობს წულაია.
მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოში სიტუაცია შეიცვლება სალომე ზურაბიშვილსაც სთხოვოს შეწყალება.
„თუ შევატყვე, რომ ქვეყანაში რაღაც იცვლება, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ შეწყალებას, მაგრამ ძალიანაც არ მინდა. როდესაც შეწყალებას ითხოვ, გამოდის რომ აღიარებ დანაშაულს. ათობით ქალბატონია გარდაცვლილი და მოკლული იმ მამაკაცების მიერ, ვისაც ეს ქალები უჩიოდნენ და ისინი ვერ დაიცვა სახელმწიფომ. ასმათი კი ამ ფაქტის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში წამოიყვანეს და სახლი, სამსახური მისცეს. მეტი რანაირად უნდა ვთქვა, რომ ის არის მათი აგენტი, შეასრულა მათი დავალება. სახელმწიფოს არ დაუცვია ის ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები ისე, როგორც ასმათი დაიცვეს. აქედან კარგად ჩანს, მე როგორი მოძალადე ვიყავი.
საერთოდ ადამიანების დაჭერის მომხრე არ ვარ, მაინც ქუჩაში ვარ გაზრდილი, ქუთაისი და ამბავი, არც "ჩაშვების" მომხრე ვარ, მაგრამ "კაბუს" შემთხვევაში, როდესაც ჩემზე მეტად გამოხატული დანაშაული იყო, რასაც ჰყვებოდნენ ტელევიზორში, ის ერთი საათი არ მჯდარა ციხეში და მე ოთხი თვე "მომაჭყუნიეს". შემდეგ კი ოთხი წელი მომცეს და ემიგრაციაში გამაგდეს, შერჩევითი სამართლის მსხვერპლი მაინც ხომ ვარ?..“ - ამბობს პოლიტიკოსი.
წულაიას თქმით, ოჯახი მასზე დღემდე ნაწყენია.
„ყველაზე მეტად თუ ოდესმე შურისძიების სურვილი გამიჩნდება, ვინც ჩემს გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა, იქნება ის ადამიანი, რომლის ბოროტ ტვინშიც მოიხარშა ის ამბავი და ჩემზე ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. სადაც არ ჩანს, რომ აგრესოსი ვარ, პირიქით ვეუბნები, ბოდიში, მაპატიე, თუ რამე მივქარე და შევცდი, მეგობრებად დავრჩეთ - მეთქი... იქ ჩანს მხოლოდ ჩემი მიამიტობა, სიდებილე და რაღაც შეცდომა. სად ჩანს, რომ აგრესიულად ვექცევი ქალს. ამ ქვეყნაში უნდა შეწყდეს ამნაირი რაღაცების გამოქვეყნება.
გულდაწყვეტილი ვარ ზოგიერთი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის გამო, არ შეიძლებოდა ამ ჩანაწერის გავრცელება და არც გაშუქება. რა თქმა უნდა, ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მპატიობენ სწორედ ამ კადრებს. შვილებიც კი ვერ მპატიობენ და სწორადაც ვერ მპატიობენ, ისინი მართლები არიან ჩემთან. თორემ ოჯახი მიდგას გვერდში, მაგრამ მაინც არ არის ის, რაც იყო.“ - ამბობს წულაია.