მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს - იენს სტოლტენბერგი
მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რომელსაც ალიანსი უკრაინას უწევს.
„მიმდინარე კვირას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან ორი წელი სრულდება. უკრაინის ძალების გაყვანა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, თუმცა უკრაინელები კვლავ აჭარბებენ მოლოდინებს. ნატო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას. სულ რამდენიმე დღის წინ ალიანსმა გამოაცხადა მილიონობით ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, საბრძოლო მასალებსა და F-16-ის ტიპის გამანადგურებლების აღჭურვილობას. ნატოს პარტნიორები ასევე ასრულებენ საკვანძო როლს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.