ეიფელის კოშკი ჟანგდება
ეიფელის კოშკის თანამშრომლები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დროს შესაძლოა, გაიფიცონ, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პროფკავშირის წარმომადგენელმა, სტეფან დიომ განაცხადა, რასაც Le Parisien ავრცელებს.
„თუ მერია, როგორც კოშკის მფლობელი, მიუღებელ პირობებს მოგვახვევს თავს, მაშინ ჩვენს უთანხმოებას ივლისში, ოლიმპიადის დროს გამოვხატავთ,“ - ამბობს სტეფან დიო.
ეიფელის კოშკის პერსონალის გაფიცვა უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ისინი „კოშკის მართვის სტრატეგიას გმობენ“ და აცხადებენ, რომ არსებული ეკონომიკური მოდელი აუცილებელი რემონტის ღირებულების დაბალ შეფასებას, შემოსავალში კი მაღალ მოლოდინებს ეფუძნება.
ბოლოს პერსონალის გაფიცვის გამო ეიფელის კოშკი 2023 წლის 27 დეკემბერს, მისი შემქმნელის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე დაიხურა.
ფრანგული მედია წერს, რომ ეიფელის კოშკი ჟანგის გამო განადგურების საფრთხის წინაშეა, პრობლემა კი მრავალი წლის განმავლობაში მოუგვარებელი რჩება. მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
სოციალური აქტივისტები აცხადებენ, რომ „პარიზის მარგალიტის“ განადგურებას, ასევე, ხელს უწყობს მის მიმდებარე რაიონებში არსებული მძიმე კრიმინალური მდგომარეობა.
პარიზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ეიფელის კოშკი Champ de Mars-ზე 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის ინჟინერ გუსტავ ეიფელის პროექტით აშენდა.