თეგებით ძიება

ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია - პაპუაშვილი

ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სანქციების გვერდის ავლის, ასევე, არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა.

მისი თქმით, ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში.

„არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამოვნო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მოგვიანებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია.

„რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ვხედავთ, რომ სანქციების შინაარსი და განსაკუთრებით კი მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების კვალდაკვალ, ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკურ ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ყოველთვის, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა