150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
პენსიონერებს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წელს დაწესდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, სესხის პროცენტი 150 000-ზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება, აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
ცნობისთთვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის 16 მარტს განაცხადა, რომ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებოდათ.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“,– თქვა 2022 წლის 16 მარტს აზარაშვილმა.