ინტერნეტით იყიდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს - კრიმინალური პოლიციის უფროსი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა და ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში ფატალურ შედეგებს იწვევს.
მისივე განმარტებით, უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სოლიდურ გასამრჯელოს სთავაზობენ.
"მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას.
ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები.
დღევანდელ რეალობაში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.
მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ამავდროულად კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.
გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.