"12 წლის დის თვალწინ მოკლა" - ვინ არის მამის მკვლელობაში ბრალდებული კაცი?
გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილი ხდება მოკლული გელა გამხიტაშვილია, რომელიც შვილმა, რეზი გამხიტაშვილიმა სამზარეულოს დანით მოკლა.
შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.
"დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო, აქამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს, რა მოხდა არ ვიცი, წყნარი ოჯახი იყო. სახლში დაკავებულის დაც იყო, სასწრაფოში ალბათ, იმან დარეკა“, - აცხადებს მეზობელი.
ამასთან, მამის მკვლელობისთვის დაკავებულის, რეზი გამხიტაშვილის მეზობლების ინფორმაციით, ის წარსულშიც არაერთხელ იყო ნასამართლევი.
როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ჰყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა ბოლოს ციხე დაახლოებით, 2 წლის წინ დატოვა. თუ რა მოხდა დღეს დილით, ან მკვლელობას წინ რა უძღოდა, ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ, მათ არც ჩხუბის ხმა გაუგიათ.
"მოკლული ძალიან კარგი კაცი იყო. ამ ბიჭს არ ვიცნობ, ნახევარჯერ დაჭერილი იყო, 2-ჯერ თუ 3-ჯერ იყო დაკავებული, ბავშვობიდან ციხეში ზის“,- განაცხადა მეზობელმა.