თეგებით ძიება

94 წლის ასაკში ვიქტორია სირაძე გარდაიცვალა

საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პუბლიცისტი ნუგზარ ფოფხაძე ავრცელებს:

სულ ახლახანს გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე.გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე და...სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქართველი ქალი.

24 მაისს მას 95 წელი შეუსრულდებოდა.

ძალიან ვწუხვარ და მტკივა. ვუთანაგრძნობ შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს - წერს ნუგზარ ფოფხაძე.

ვიქტორია სირაძემ 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1949-1952 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952-1955 წლებში კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955-1962 წლებში პარტიის თბილისის კიროვის რაიკომის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962-1973 წლებში იკავებდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. 1973-1986 წლებში იყო  საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1986-1989 წლებში იკავებდა საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 1989-1994 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი. ვიქტორია სირაძე დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლით და სხვადასხვა საპატიო სიგელით.

ვიქტორია სირაძეს კვირას დაკრძალავენ. გამოსვენება სიონის საკათედრო ტაძრიდან შედგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა