ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება - ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის
ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დასავლელ ლიდერებთან ერთად ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლას გავიხსენებთ, არა როგორც ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტს, არამედ უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჰოსტომელის აეროპორტი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგობის, არამედ მისი მრეწველობისა და გამომგონებლობის სიმბოლოა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ევროპა იქამდე დაგეხმარებათ, სანამ საჭირო იქნება. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტი, რათა უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავადასტუროთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.