დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.