ნავალნის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა განიხილებოდა - The New York Times
ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის წყარომ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლაზე საუბარი მიმდინარეობდა.
გასულ დღეს, 26 თებერვალს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ირწმუნებოდა, რომ განიხილებოდა ალექსეი ნავალნის გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაცვლა. პევჩიხის მტკიცებით, "ნაცნობი პოლიტიკოსებისა" და "პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების" დახმარებით, ნავალნის მხარდამჭერების გეგმა მიიღეს 2023 წლის გაზაფხულზე, თუმცა მაშინ საუბრები ჩაიშალა. მისივე ცნობით, დეკემბერში ეს გეგმა ხელახლა დაადასტურეს. პევჩიხი ამბობს, რომ პუტინს ნავალნის გაცვლის შეთავაზება ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა გადასცა. მისივე მტკიცებით, მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ვლადიმირ პუტინმა ნავალნის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას ოპოზიციონერის თავისუფლების ხილვა არ სურდა.
ცნობა, რომ მოლაპარაკებები ნავალნის გათავისუფლებასთან ახლოს იყო მისული, The New York Times-ის წყარომ უარყო. წყაროს თქმით, უცნობი იყო თანახმა იქნებოდა თუ არა რუსეთი ან გერმანია, სადაც კრასიკოვი პატიმრობაშია, მსგავს გაცვლაზე. მან აღნიშნა, რომ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.
ნავალნისთან ერთად საუბარი იყო რუსეთის პატიმრობაში მყოფ აშშ-ს ორი მოქალაქის გაცვლაზეც. ესენი The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი და ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ ვილანი არიან. ორივე მათგანს რუსეთი ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებს.