„რუსეთთან ომის მესამე წელი შეიძლება ზელენსკისათვის ყველაზე მძიმე და რთული აღმოჩნდეს“ - The Guardian
ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვყნა სტატია სათაურით „რუსეთთან ომის მესამე წელი შეიძლება ზელენსკისათვის ყველაზე მძიმე და რთული აღმოჩნდეს“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის პრეს-კონფერენციის ფონზე მასალის ავტორის - შონ უოკერის მიერ გარკვეული მოსაზრებებია გამოთქმული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე უახლოეს თვეებში არასახარბიელო ამოცანა დგას. რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და პრეზიდენტისათვის წონასწორობის დაცვა სულ უფრო რთული ხდება.
უკრაინული საზოგადოება ომით უკიდურესად არის გაწამებული, საერთაშორისო მხარდაჭერა კი სუსტდება, რაც ფრონტზე საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის კრიტიკულ უკმარისობას იწვევს. იმავდროულად უკრაინელთა დიდი უმრავლესობა მხარს არ უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას და საზავო შეთანხმების დადებას, რადგან თვლიან, რომ არ ფლობენ ისეთ მექანიზმებს, რომლითაც რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ სავარაუდო შეთანხმების პირობების შესასრულებლად. და თუ ასეთ პირობებში შეთანხმება მაინც დაიდება, რუსეთს თავისი ძალის განახლების შესაძლებლობა მიეცემა და უკრაინას ისევ შეიძლება დარტყმა მიაყენოს.
პრეს-კონფერენციაზე, რომელიც კიევში რუსეთთან ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რამდენად მაღალია მიმდინარე წელს სამხედრო-პოლიტიკური ფსონები: „პირველი წელი, უბრალოდ, გადარჩენის პერიოდი იყო... მეორე წელი მდგრადი წინააღმდეგობით გამოირჩეოდა... მესამე წელი გარდამტეხი იქნება. ეს იქნება შიდა და გარე გამოწვევების წელი“.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის მომავალი ბევრად არის დამოკიდებული საგარეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით ვაშინგტონში შექმნილ განწყობაზე. „გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გავიგოთ, თუ რა მოხდება პერსპექტივაში“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით იგი მაქსიმალურად ახლოს მივიდა იმის საჯაროდ თქმასთან, რომ დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევა უკრაინისათვის კატასტროფა იქნება.
აშშ-საგან დახმარების პაკეტის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად კონგრესშია „გაჭედილი“, უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ეს თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესმენები პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები ვიფიქრო, თუ როგორ [უსამართლო] მსოფლიოში ვცხოვრობთ“.
საგარეო პრობლემების გარდა, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის კონტროლს არ ექვემდებარებიან, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მიმდინარე წელი შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც მძიმე იქნება. მართალია, მას ისევ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ მისი ავტორიტეტი უცილობლად აღარ ითვლება - უკრაინაში პოლიტიკური კონკურენცია ბრუნდება.
ორი წლის წინათ, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვოლოდიმირ ზელენსკის გაბედულმა ვიდეომიმართვამ ქვეყნის მოსახლეობისადმი და მისმა გადაწყვეტილებამ, რომ იგი კიევს არ დატოვებდა, უკრაინელებს იმედი ჩაუნერგა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა ვარაუდები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი ისევ „ბუნკერული რეჟიმით“ მუშაობს, ომის პირველი დღეების მსგავსად და ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხები ვიწრო წრეში წყდება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისადმი ორწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ პრეზიდენტი ბოლო თათბირებზე განადგურებული გამოიყურება.
თუმცა კვირას, როგორც ჩანს, მას განზრახული ჰქონდა იმის დემონსტრირება, რომ სიტუაციას ძველებურად აკონტროლებს და „სიცოცხლით სავსეა“. ეპიზოდურად პრეზიდენტი თითქოსდა რაღაცით ახსენებდა თავს მასმედიის წარმომადგენლებს, რომ იგი წინა ცხოვრებაში მხიარული, კომედიურ მსახიობი იყო. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე - „რას ეტყოდით ვლადიმერ პუტინს, ამ საღამოს რომ დაგირეკოსო“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწრაფად უპასუხა: „არ დარეკავს. იმიტომ, რომ მას მობილური ტელეფონი არ აქვს“.
მაგრამ რამდენჯერმე, როცა პრეზიდენტი ჟურნალისტებმა საშინაო პოლიტიკის შესახებ „დაჰკითხეს“, იგი თავდაცვით პოზიციას იკავებდა. იაპონელმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა - „შეგიძლიათ თუ არა გასაგებად აგვიხსნათ, თუ რატომ გაათავისუფლეთ ვალერი ზალუჟნი მთავარსარდლის პოსტიდანო“ (ბევრის აზრით, გენერლის მაღალი რეიტინგი პრეზიდენტს აღიზიანებდა), ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკლედ უპასუხა, რომ ეს უკრაინის საშინაო საქმეაო და მომდევნო კითხვას დაელოდა. ასევე გულგრილი რეაგირება მოახდინა მან იმ კითხვაზე, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ჟურნალისტების თვალთვალს და დევნას ეხებოდა.
ცდილობს რა მსოფლიო უკრაინის სამომავლო მხარდასაჭერად განაწყოს, ვოლოდიმირ ზელენსკი დამარწმუნებელ ორატორად რჩება. მან არაერთხელ ახენა მაღალი ფსონები, რომელიც ომის ამ ყველაზე ძნელ წელიწადს არის მოსალოდნელი და რომლებიც კიევისათვის კვლავ გადარჩენისათვის ბრძოლას წარმოადგენს.
„ჩვენ გვჭირდება გაბედულება, გამძლეობა, შეუპოვრობა, რომ გადავრჩეთ. ამ წელიწადს ნათელი გახდება, თუ როგორდასრულდება ეს ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოამზადა: სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.theguardian.com/world/2024/feb/25/year-three-of-russias-invasion-of-ukraine-may-be-zelenskiys-toughest-yet