ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის და ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება - სამადაშვილი
ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა, მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის ფორმა, რითაც ისაა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის სახიფათოა.
"ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანების ამნისტირებას და ასევე, პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია ჩვენ ბლანკეტური ამნისტია სამოხელეო დანაშაულის და ფაქტობრივად კორუფციის, იმ პირობებში, როდესაც ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კორუფცია.
ამიტომ, აღნიშნულის სახით წარმოდგენილ ამნისტიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რაც არის წარმოდგენილი, ამას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება", - ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. გირჩის ინფორმაციით, პროექტის თანაავტორები არიან, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კანონპროექტის თანახმად:
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით
ნაკლებად მძიმე დანაშაულზე - განახევრდეს
ნარკოტიკულ და სამოხელეოზე - განახევრდეს
უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით.