ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეობით და წლობით რიგში დგომა - სამხარაძე აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზე
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო ამერიკისგან უვიზო მიმოსვლას ელის. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„უვიზო მიმოსვლა ცოტა უფრო რთული საკითხია, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ ისეთივე მიდგომა საქართველოს მიმართ, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა, გამარტივდეს მაინც. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეობით და წლობით საკონსულოს რიგში დგომა, რომ ვიზა მიიღონ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი და [აშშ-ის] ელჩმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მიხედავენ და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა გაუმარტივდეთ, ყველაფერს გააკეთებენ. საბოლოო მიზანი მაინც უვიზო მიმოსვლაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.