სააკაშვილი არ არის ნავალნი, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება - სალომე ზურაბიშვილი
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ სად იქნება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს - რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია.
ამაზე პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ სად იქნება სააკაშვილი. პირდაპირ რომ გიპასუხოთ - ის არ არის ნავალნი, ის, პატიმრობაში რეალური მიზეზების გამო იმყოფება.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ციმბირის კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი ნავალნის ადარებდა და რუსეთის პრეზიდენტის დავალებით ისიც მოწამლეს ციხეში.