თეგებით ძიება

რა შემთხვევაში მიიღებთ/არ მიიღებთ სარეკლამო SMS-ებს ხვალიდან? - დეტალები

ხვალიდან სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისთვის კომპანიებს მომხმარებლების თანხმობა დასჭირდებათ. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, კომპანიები მომხმარებლებს უგზავნიან შეტყობინებას იმის შესახებ, სურთ თუ არა სამომავლოდ მათგან სარეკლამო შეტყობინებების მიღება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ თუ მომხმარებელი ასეთ შეტყობინებას პასუხგაუცემელს დატოვებს, ეს ადრესატის მხრიდან უარს ნიშნავს, რადგან დადასტურებული თანხმობა არ ფიქსირდება.

“იმ შემთხვევაში, თუ თანხმობის განცხადების მომენტი არ დაფიქსირდება და თუ შეიძლება რომ ყურადღების გარეშე იყოს დატოვებული კონკრეტული შეტყობინება, ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მომხმარებლებს, რომ ხელახლა რამდენჯერმე მოგვმართონ”, - ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი ნიკოლოზ პოპიაშვილი და იქვე განმარტავს, რომ თუ სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობის მიღების მიზნით კომპანიების მხრიდან მომხმარებლებისთვის SMS-ების გაგზავნას ხშირი ხასიათი ექნება, შესაძლოა, ამ კუთხითაც იკვეთებოდეს კანონის დარღვევა.

“სავარაუდოდ არის შანსი, რომ მსგავსი შეტყობინებებიც დაკვალიფიცირდეს როგორც პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაგზავნილი შეტყობინება,” - აცხადებს ნიკოლოზ პოპიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა უარი განაცხადა კონკრეტული კომპანიის მხრიდან შეტყობინების მიღებაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ სარეკლამო შეტყობინებების განახლება სურს, უნდა დაუკავშირდეს თავად კომპანიას, ამ ნაწილში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღარ ერთვება.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის რეგულაციები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზეც ვრცელდება. ორივე შემთხვევაში კომპანიას სარეკლამო შეტყობინების გასაგზავნად მომხმარებლის დადასტურებული თანხმობა სჭირდება.

კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. სამართალდარღვევის ტიპების მიხედვით საჯარიმო სანქციის ოდენობა ძირითადად 1,000 – 6,000 ლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო სახის შეტყობინებაზე მომხმარებელი უარს განაცხადებს, მას კი მსგავსი ტიპის შეტყობინება მაინც SMS-ის სახით მაინც მიუვა, მომხმარებელმა პერსონალური დაცვის სამსახურს უნდა მიმართოს და უწყება ამ მიმართულებით შესაბამის სანქციას გაატარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა