ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია - Freeride World Tour-ის დამფუძნებელი
საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური (Freeride World Tour) ჩატარდება. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
„დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია. ჩვენ ვიმუშავეთ სამთო პატრულთან და ,,ემ თი ეის" გუნდთან ერთად, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. მოხიბლულები ვართ თქვენი მასპინძლობით. აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება საქართველოში პირველი წარმატებული შეჯიბრების ჩასატარებლად”, - განაცხადა Freeride World Tour-ის დამფუძნებელმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა .
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძიებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლნ მაყურებელს ფარავს.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი”, პარტნიორი კი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”.