რამდენი მილიონის იპოთეკური სესხი არის ვადაგადაცილებული - სტატისტიკა
კომერციული ბანკებისთვის იპოთეკური კრედიტები ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუკი მთლიანად საბანკო სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილების მაჩვენებელი 1.7%-ია, იპოთეკურ სესხებში ეს ორჯერ ნაკლებია და მხოლოდ 0.8%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, ბანკების იპოთეკური პორტფელის ზომა 10.9 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 149 ათასი კრედიტისგან შედგება, შესაბამისად, ერთი სესხის ნარჩენი საშუალო მოცულობა 73,000 ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის თანახმად, იპოთეკურ სესხებს შორის 8.4 მილიარდი ლარით დასრულებულ პროექტებში ბინების შეძენა ფინანსდება, 1.6 მილიარდი ლარით მშენებარე პროექტებში ბინების შეძენა, ხოლო 880 მილიონი ლარის იპოთეკური კრედიტები ბინების რემონტისთვის არის აღებული.
მთლიანობაში ვადაგადაცილებულია 91 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 1,250 სესხს შეადგენს.
სებ-ის თანახმად, იპოთეკურ დაკრედიტებაში ეროვნული ვალუტის წილი მზარდია, თუკი გასულ წელს ის 56%-ს შეადგენდა, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ლარის იპოთეკების წილი 61%-ს, მთლიანი ღირებულება კი 6.4 მილიარდ ლარს შეადგენდა.