"ამბობენ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა მკვლელობა, მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?
22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, ის პოლიციამ ზუგდიდში აიყვანა.
"განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
როგორც ირკვევა, სასტიკი მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფრვის შემდეგ გავიდა. არსებული ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სოფელ ჭუბერიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც. ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.
ცნობისათვის, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვლის დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ambebi.ge-ს ოთარ ცინდელიანის ნათესავი უყვება:
"ოთო იმ საცოდავი დათო ცინდელიანის ძმიშვილია, 2008 წელს ზღვაში რომ ჩაძირა შამათავამ (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი - ნ.ფ.)… მართლა კარგი ოჯახი იყო და დათოს ამბავმა დაანგრია ყველა…ამ ბიჭის მამაც - თემურიც კარგი ბიჭი იყო და მასაც აერია ცხოვრება - ცოლი გაშორდა (გუჯეჯიანია გვარად) და ესპანეთში წავიდა. ეს ბავშვიც კარგი ბიჭი იყო, სპორტს მისდევდა და მერე გზას აცდა.
ბიჭი ბებიამ (მამის დედამ) გაზარდა, შესანიშნავი ქალია, პედაგოგი. დედამ ოთო ესპანეთში წაიყვანა და იქ მთლად დაიქცა ეს ბავშვი, იქაც მაიმუნობდა რაღაცას და დედამ გამოაძევა იქედან. ამბობენ, ნარკოტიკებს მოიხმარდაო, რაც სამწუხარო ამბავია. ახლაც ამბობენ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა მკვლელობა. ამის მოტივი სვანეთში არ იციან. ოთოს მამა და ბებია ჭუბერში ცხოვრობენ, ამბობენ, მათთან მიდიოდაო.
2008-ში დათო მამას - ზაურს გასტაცეს ხელიდან, ისიც რეინჯერი იყო, ძალიან მაგარი კაცი და ფაქტობრივად, ეს თითით საჩვენებელი ოჯახი მას მერე წავიდა უკან, დათოს მამა ნერვიულობაზე დაავადდა და მალე გარდაიცვალა. მთელ სვანეთში თითით საჩვენებელი ოჯახი იყო და წელში ვეღარ გაიმართნენ. სვანეთში წარმოდგენა არავის აქვს, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი. დღეს ამ ამბით ყველა გაგებით საერთოდ დასამარდა ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი.“