ზურაბიშვილმა BBC-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე ისაუბრა
მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ნავალნი არ არის. ის ციხეში არის იმის გამო, რასაც აკეთებდა პრეზიდენტობის დროს და არა როგორც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტი - განაცხადა BBC-ის ეთერში, სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.
ჟურნალისტი დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და შესაძლო შეწყალებით:
"ვფიქრობ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა იყოს თუ არა ის ციხეში, ეს ქართველი მოსამართლეებისა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კი თვლის, რომ პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი აჭარბებდა უფლებამოსილებებს და სწორედ ამიტომ არის ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, როგორ მიდის მისი მკურნალობა და როგორია მისი მდგომარეობა". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.