თეგებით ძიება

მოქალაქეს იარაღისა ან ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა – პოლიციელს ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან.

“აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა”, – წერია განცხადებაში.

პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა