რა შეტყობინებები ნახეს ქეთი ჯავახიშვილის „ინსტაგრამზე“ - რას ამბობს საქმის პროკურორი?
ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლისდროინდელია.
მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.
„ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყოველ ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია.
ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19 :21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.
სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ.
ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სტილს.
ჩვენ გუშინ, დაახლოებით 4:00 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა.
გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ.
მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.
ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა. ბრალდების მხარე არც პირად თავდებას და არც გირაოს საკითხს არ განიხილავს. ბრალდებულს არც რაიმე პირადი საკუთრება არ გააჩნია. გირაოს ვერცერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება.
ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი”, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.