პოლიცია ბორისოვის სასაფლაოზე არ უშვებს მანქანას, რომელშიც ნავალნის ცხედარია დასვენებული
მოსკოვში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალი შეფერხებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორისოვის სასაფლაოზე, ოჯახს ალექსეი ნავალნის ცხედრის შესვენების საშუალებას არ აძლევენ. ახლა ტერიტორიაზე სპეციალურ სამსახურს ელოდებიან.
ინფორმაციას ნავალნის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი ავრცელებს და წერს: "სობიანინის იდიოტმა პოლიციელებმა მანქანა, რომელშიც ნავალნის ცხედარია, დაბლოკეს. ის სასაფლაოზე დგას და ვერ ახერხებენ ალექსეის გაყვანას".
ამ დროისთვის სასაფლაოს ტერიტორიაზე არ უშვებენ არც მოქალაქეებს.
მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო - მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.
27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.