თეგებით ძიება
02. 03. 2024 მსოფლიო

ვინ იყო ალექსეი ნავალნი და რა გზა გაიარა მან 2024 წლის 16 თებერვლამდე?

1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი. უკანასკნელი წლების მანძილზე ის რუსეთის დიქტატორის - ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებოდა. მიმდინარე წლის 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში ნავალნი გაურკვეველ ვითარებაში ციხეში დაიღუპა. ამ ფაქტს მკვეთრი საერთაშორისო რეაქციები მოჰყვა. ცხედრის გადაცემის გაჭიანურებული პროცესის შემდეგ, ოჯახს ხმაურიანი დაკრძალვაც აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად, გუშინ მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პერიოდულად ადამიანები შიშნარევი ხმით სკანდირებდნენ: „ნავალნი გმირია!“, „არა ომს!“ და ა.შ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ დიდი რაოდენობის საპოლიციო ძალები, რომლებიც ტრადიციულად ცდილობდნენ ჩაეხშოთ თავისუფალი მოქალაქეების ხმები. 

ვინ იყო ალექსეი ნავალნი და რა გზა გაიარა მან 2024 წლის 16 თებერვლამდე?

 ალექსეი ანატოლის ძე ნავალნი, 1976 წლის 4 ივნისს დაიბადა. წარმოშობით რუს-უკრაინელია. მან დაასრულა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, სამართლის მიმართულებით, მოგვიანებით კი მაგისტრის ხარისხი მიიღო ფინანსებში. 2010 წელს იელის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამაშიც მონაწილეობდა. კარიერის დასაწყისში 1998 წლიდან ადვოკატი იყო. 2013 წელს მას ეს სტატუსი შეუწყვიტეს, ხმაურიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც შეფასებული იყო როგორც პოლიტიკური ოპონენტზე შურისძიება. მას შეუფარდეს პატიმრობაც, თუმცა შემდეგ შეუცვალეს შინა პატიმრობით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წელს, ნავალნის მიმართ რუსეთს კომპენსაცია დააკისრა. 2013 წელს ნავალნიმ მონაწილეობა მიიღო მოსკოვის მერის არჩევნებში და მოიპოვა ხმათა 27%.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი მონაწილეობა აეკრძალა. ნავალნი, როგორც აქტივისტი მის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდთან ერთად მუდმივად ამხელდა ბნელ კორუფციულ სქემებს და აშიშვლებდა კორუმპირებულ ხელისუფლებას. მან რუსეთის მმართველ „ერთიანი რუსეთის“ პარტიას „თაღლითებისა და ქურდების პარტია“ უწოდა. ნავალნი იყო ერთ-ერთი წამყავნი ლიდერი რუსეთში წამოწყებული რამდენიმე მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლების სერიებისა, მათ შორის 2017-18 წლებში. 2017 წელს ნავალნიმ ამხილა რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი კორუფციაში და მოუწოდა მოსახლეობას მასშტაბური დემონსტრაციებისკენ.

 2020 წლის ზაფხულში ოპოზიციონერი ნოვიჩოკით მოწამლეს. ის მკურნალობას ევროპაში გადიოდა. მიუხედავად საფრთხეებისა 2021 წლის იანვარში ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს. იმავე თვეში გამოქვეყნდა მისი მომზადებული დოკუმენტური ფილმი პუტინის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის კორუფციულ სქემაზე. ნავალნიმ საზოგადოებას ანახა დიქტატორის გელენჯიკის აგარაკი, რომელიც გასაიდუმლოებულია. მშენებლობის პომპეზურობა გაკვირვებას იწვევდა. საბოლოოდ ნავალნი დაპატიმრეს, Amnesty International-მა იგი სინდისის პატიმრად აღიარა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სახაროვოს პრემია მიენიჭა. ციხეში ნავალნი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, თუმცა გამოსვლებებისას ის სულიერად გამტყდარი არ ჩანდა, მათ შორის 14 თებერვალსაც კი. 

 ნავალნის სიტყვებმა 2008 წელს ქართველებს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა, თუმცა მან ამისთვის ბოდიში მოიხადა. ნებისმიერ შემთხვევაში ალექსეი ნავალნი ისტორიას დარჩა, როგორც რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლი უკანასკნელი რაინდი, რომელმაც საოცარი თავგანწირვა გამოიჩინა და რეჟიმთან ბრძოლაში გმირულად დაეცა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა