„ნუთუ ეს დაუჯერებელი დასასრული ჰქონდა შენს ლამაზ ოცნებებს? ჩვენ სულ გვეყვარები“ – რას წერს სკოლა ლილოში სასტიკად მოკლულ ქეთი ჯავახიშვილზე
სოფელ მარტყოფის N1 სკოლა, სადაც ლილოში სასტიკად მოკლული ქეთი ჯავახიშვილი დადიოდა, მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილს სკოლა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ეს ჩვენი გოგოა, ჩვენი ყოფილი მოსწავლე, ჩვენი ქეთი. უსაყვარლესი, წარმატებული, ჭკვიანი, ბეჯითი, მოაზროვნე, ცოდნასა და სწავლაზე შეყვარებული, წარჩინებული, ხალისიანი, მეგობრული და კეთილი.
სისასტიკისა და ძალადობის მსხვერპლი.
თავზარდამცემი და გამაოგნებელი სისასტიკის მიერ შეჩერებული ლამაზი და წარმატებული სიცოცხლე.
ჩვენო გოგო, ნუთუ ეს დაუჯერებელი დასასრული ჰქონდა შენს ლამაზ ოცნებებს, მიზნებსა და მომავალს?
უყვარხარ შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, შენს თანაკლასელებს, თანასკოლელებს და განსაკუთრებით შენს დირექტორს.
მსუბუქად განისვენე ჩვენო საყვარელო ქეთო. შენი მშობლების და ახლობლების მწუხარებას შენი სკოლა დიდი სინანულით და აუტანელი ტკივილით უერთდება და იზიარებს.
ჩვენ სულ გვეყვარები“ – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა ქეთი ჯავახიშვილს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.