როგორია თერჯოლაში გადარჩენილი პირის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან
თერჯოლაში, სოფელ ზედა საზანოში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა ბინაში. ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა", - ამბობს ექიმი სოფო ბუსკივაძე.
ცნობისთვის, მდინარე ძუსაში შაბათს 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც 112-ში დარეკა. მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად, მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს.