თეგებით ძიება

„დედა იტალიაშია, ჯერ არ იცის რა მოხდა, გზაშია, ახლა ჩამოდის და ასეთი ტრაგედია დახვდება“ - რას ამბობენ თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიაზე?

თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია გუშინ დატრიალდა, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო, ერთის სიცოცხლის გადარჩენა კი მაშველებმა საბედნიეროდ შეძლეს. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ. იმ საბედისწერო დღეს ჭიათურიდან თერჯოლაში, სოფელ ზემო საზანოში, სტუმრად ჩავიდნენ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩანჩქერის დასათვალიერებლად ყველანი ერთად წავიდნენ. მათ თან მიყვებოდა ოჯახის მასპინძელი მამაკაცი. ერთ-ერთ ბავშვს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად პირველი წყალში ბავშვების მასპინძელი მამაკაცი შევიდა, მაგრამ ვერც მან შეძლოს ბავშვის შველა, მერე სხვებიც შეეცადნენ ალბათ მათ გადარჩენას და სამწუხაროდ ამხელა ტრაგედია დატრიალდა. განგაში ნაპირზე დარჩენილმა გოგონამ ატეხა, მან დარეკა 112-ში და შველა ითხოვა, მაგრამ სამწუხაროდ, მაშველებს უმძიმესი სურათი დახვდათ. მათ მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს და გარდაცვლილები წყლიდან ამოასვენეს. 

ოთხივე დაღუპულს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაღუპულია ზემო საზანოში მცხოვრები მამა და შვილი, გადარჩა ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც ასევე ჭიათურის სკოლაში სწავლობს. გარდაცვლილები არიან ჭიათურაში მცხოვრები გოგონები ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი.

ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი გარდაცვლილი გოგონების სკოლის დირექტორს:

"საშინელი დღე გათენდა, ენითაუღწერელი ტრაგედიაა. ჩვენი სკოლის სამი მოსწავლეა გარდაცვლილი. ისინი თანაკლასელები იყვნენ, რა უნდა ვთქვა არ ვიცი. სტუმრად იყვნენ თანაკლასელის სახლში ჩასულები. ამბობენ, ერთს ფეხი დაუცდაო, სხვები ცდილობდნენ დახმარებას და მოხდა ეს უბედურება. გადარჩენილი გოგონაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ერთ- ერთი დაღუპულის და. ელენე შუკაკიძისა და ნინო კენჭოშვილის სიცოცხლე შეეწირა ამ საზარელს ამბავს, მესამე გარდაცვლილის გოგონას დედა იტალიაშია, ჯერ არ იცის რა მოხდა, გზაშია, ახლა ჩამოდის და ასეთი ტრაგედია დახვდება.

"დიდი ტრაგედიაა. არსენა რობაქიძე და მისი ქალიშვილია გარდაცვლილი, მეორე ქალიშვილი გადარჩა. არ ვიცი რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. იქ ჩანჩქერია და ალბათ სველი იყო ადგილი და დაუცდათ ფეხი. ძალიან ცივი წყალია, მარტო სიცივე მოკლავდა, იმდენად ცივია ახლა ის წყალი. სურათის გადაღების დროს გადავარდა ერთიო და შემდეგ მამა გადამხტარა საშველად. არსენას გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა და ეტყობა ცივ წყალში გულმაც უმტყუნა. შემდეგ სხვებიც შესულან, ერთს დაურეკავს 112-ში. მივიდნენ მაშველები, მაგრამ მხოლოდ ერთს უშველეს, სხვები გარდაცვლილები იყვნენ, არ ვიცი რატომ დატრიალდა ეს უბედურება, სად იყო იქ ასეთი ღრმა წყალი. ეტყობა ამ ცივ წყალში რომ შეცვივდნენ შიშიც ჰქონდათ. ალბათ ცურვაც არ იცოდნენ. დიდი გლოვაა სოფელში. თანავუგრძნობ ოჯახებს", - განაცხადა სოფელ ზემო საზანოში მერის წარმომადგენელი.

წყარო: „კვირის პალიტრა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა