ქურდობა 13 წამში - ოზურგეთში არასრულწლოვნებმა მაღაზიები და მანქანები გატეხეს (ვიდეო)
რამდენიმე დღის განმავლობაში ოზურგეთის ცენტრში არასრულწლოვნებმა ათეულობით ავტომობილი და მაღაზია გაქურდეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან, ჩანს, როგორ აღებენ ნიღბიანი მოზარდები 13 წამში მაღაზიის კარს და იპარავენ ყველაფერს, რაც ადგილზე ხვდებათ.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია პარფიუმერია და 200 ლარამდე თანხა.
მოზარდებმა გაქურდეს ავტომანქანებიც.
"ხან მანქანას ტეხავენ. გვერდით ტორტებია, ფული არ დახვდათ და ბისკვიტები რაც შეჭამეს შეჭამეს, ღმერთმა შეარგოთ, რაც არა ხელებით ითამაშეს ტორტებში და იგუნდავეს შოკოლადებით და ტორტებით, აქ უკვე ფულიც წაიღეს, სუნამოები წაიღეს, ფაქტის მოშორების დროს რაღაცა სუნამოები გატეხეს", - ამბობს მაღაზიის დაზარალებული, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას რამდენიმე წუთში შეატყობინა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირები შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა, თუმცა ასაკის გამო მათი პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ისინი მალევე განყოფილებიდან გაათავისუფლეს.