„ყველასთვის სავალდებულო იქნება, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს, რათა არ გახდეს აგრესიული“ - მაია ბითაძე
„ორ წელიწადში ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი აგრესიული არ გახდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
აღნიშნულ თემაზე ბიძაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან შინაურ ცხოველებზე კანონპროექტი წარადგინა.
მაია ბითაძის თქმით, ეს სერტიფიცირების სისტემის ფარგლებში მოხდება, რისი შექმნაც კანონპროექტში გათვალისწინებულია.
„მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე ძალიან დიდი პრობლემები მაქვს.
შესაბამისად, ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას მისცემს, ის „ტრენინგ-კურსები“, რომლებსაც ახლაც ახორციელებენ, სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, თავიანთი სტატუსი აიმაღლონ.
ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”. – განაცხადა მაია ბითაძემ.