თეგებით ძიება

ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის - თინა ხიდაშელი

ამ წუთას ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რადგან ამხელა ეჭვი გააჩინა, არაფერი კონკრეტული არ თქვა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ზურაბ აზარაშვილის ამ წერილს აღიარებითი ჩვენების მახასიათებლები არ აქვს. ის ზოგადი მონაცემებითა და ზოგადი ფრაზებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არსებობდა. რაც შეეხება ბიზნესს დაჯგუფებებს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ბიზნესებს ხელისუფლების შანტაჟის მეტი უნარი აქვთ. თუ ხელისუფლება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება, რა თქმა უნდა, მისით ექსპლუატაციის მცდელობა ყოველთვის იქნება.

რაც შეეხება არარეგისტრირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც, თურმე, ონკოლოგები ნიშნავენ და რომლებზეც აზარაშვილმა თავადაც ისაუბრა თავის წერილში, ეს იცით როგორი განცხადებაა? ჩემი მეზობელი რომ მიყვება, პერიოდულად, რომ საბაჟოზე შემოსულ ვადაგასულ კვერცხს ახალ ბეჭედს გადაარტყამენ. ეს არასერიოზული განაცხადია. თუ ეს ადამიანი მოტივირებული და მოწადინებულია, რომ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, მაშინ რებუსებით არ უნდა გველაპარაკებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა თვლის რომ ბიზნეს ინტერესებთან ბრძოლაში დამარცხდა. ჩავთვალოთ, რომ მან ეს გუშინ გაიგო, მას შემდეგ რაც ის თანამდებობაზე არ არის. ის, რომ თანამდებობაზე ყოფნისას არ საუბრობდა, მაინც არ არის მთავარი შეცდომა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიძლება ახლა რომელიღაც ონკოპაციენტი ამ წამალს ყიდულობს. ამიტომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა რებუსებით საუბარი. ამ წუთას ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რადგან ამხელა ეჭვი გააჩინა, არაფერი კონკრეტული არ თქვა და თუ მისი განცხადება სიმართლეა, ეს მიმდინარე დანაშაულია და ვიღაცის სიცოცხლეს საფრთხე ამ წუთებშიც ემუქრება.

სინამდვილეში აზარაშვილს ისიც არ უთქვამს, ამ მედიკამენტების პრობლემა რა არის, რატომ არ არის ეს მედიკამენტები რეგისტრირებული, უბრალო ბიუროკრატიული პრობლემების გამო თუ მართლა საფრთხის შემცველი მედიკამენტებია და ბოლომდე გამოკვლეული არ არის. დღეს მისმა საუბარმა მდგომარეობა დაამძიმა და არა შეამსუბუქა.

ამ მომენტში, ჩემთვის, პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მისია და არა პირების, რომლებსაც, სავარაუდოდ, არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვთ ან ყიდიან. გუშინწინ ასე არ იყო. ახლა ყველა ონკოპაციენტი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიმე მედიკამენტი მიიღო, ზის და ფიქრობს, რომ იქნებ თავად არის სიტუაციის მსხვერპლი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა