თეგებით ძიება

კორუფციის რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, საჭიროა რაციონალური ხელფასები - ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 2025 წლიდან პრემიერისა და მინისტრების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით საჯარო სამსახურში "რაციონალური ხელფასები" უნდა არსებობდეს.

"მოსალოდნელი იყო სპეკულაციები. ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის იმისათვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ცდუნება, ადამიანი მიდრეკილია ხომ ცდუნებისკენ?!

იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის"- ამბობს კობახიძე.

2025 წლიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება. ქართულმა ოცნებამ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება, შედეგად უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს უმაღლესი კოეფიციენტი განესაზღვრათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური ანაზღაურება 160 ათას ლარს მიაღწევს. შესაბამისად პრეზიდენტის ხელფასი 75 ათასით, პრემიერის კი - 118 ათასით გაიზრდება. რაც შეეხება მინისტრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 50-დან 70 ათას ლარის ფარგლებში გაეზრდებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა