განათლების სამინისტრო მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს გეგმავს
„უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც, დაახლოებით, 25 000 ათასი სტუდენტი იქნება. ფესტივალი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც აბსოლუტურად ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტი ჩაერთვება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენის დროს განაცხადა.
გიორგი ამილახვარის თქმით, ფესტივალი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტებში არსებული თეატრები ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში შეეჯიბრებიან:
„ფესტივალის ფარგლებში იქნება სპორტული მიმართულება, ჩვენ მათ შევთავაზებთ, დაახლოებით, 10-ზე მეტ სპორტულ სახეობას, ასევე, კულტურის მიმართულებაც იქნება, სადაც როგორც ქართული ცეკვა, ფოლკლორი, ჰიპ-ჰოპი და სხვა მიმართულებები იქნება.
ერთი სიახლე, რაც ნამდვილად ინოვაციურია, ეს არის ინტერმედია, როდესაც უნივერსიტეტებში არსებული თეატრები ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში შეეჯიბრებიან.
მოხალისეობა – ეს მიმართულება ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელონ და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინონ, რაც, ვფიქრობ, მათ თვითრეალიზაციას კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს.
დღევანდელ ახალგაზრდობაში საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს და ინტერესი იმატებს ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე, ინჟინერიაზე, მათემატიკაზე, ამიტომ ამ მიმართულების გამოტოვება არ გვინდოდა და ე.წ. STEAM მიმართულების კონკურსიც გვექნება, სადაც შესაბამისი ინტერესის სტუდენტებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ. თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება, სამუსიკო, საკონცერტო, საკლუბო, გასართობი ელემენტებით, როგორც გახსნის ღონისძიებები, ასევე, დამაგვირგვინებელი ღონისძიებები, რომ ამ კონკურსების პარალელურად ასევე, მოხდეს ბავშვებში, რაც შეიძლება მეტი თვითრეალიზაციის პირობების შექმნა.
ფესტივალი უახლოეს კვირებში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში, მიმდინარე სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება და დაახლოებით 25 000 სტუდენტის ჩართულობას ველით“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.