არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ გადაირჩიოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში - ბადრი ჯაფარიძე
ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთებთ კოალიციას. ქართული ხალხი ვისაც გამოუცხადებს ნდობას, მასთან ერთად იქნება კოალიციური ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხი გადაირჩევს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერასდროს ვერ დაბრუნდება.
„როგორ შეიძლება „ოცნებასთან“ ერთად კოალიციის შექმნა. ძალასთან, რომელიც პრორუსულია. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ გადაირჩიოს „ქართული ოცნება“ და როგორ შეიძლება გადარჩეული ძალა ისევ დააბრუნო ხელისუფლებაში.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას, ის ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში. ერთპარტიულად ვერ მოვა ვერცერთ სცენარში და ვერასოდეს, ეს არის ცალსახა.
ქართველი ხალხის ნებაა მთავარი, ვისაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, რომ მისცეს მანდატი, მასთან ერთად უნდა მოხდეს კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება. დაველოდოთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ვინ რამდენს აიღებს ახლა ამაზე საუბარი არის სპეკულაციები და ამაზე დროის ხარჯვას ჯობია ვისაუბროთ იმაზე, როგორ შევძლებთ 1 000 - ლარიანი პენსიის დარიგებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.