იულია ნავალნაია საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსებს პროტესტისკენ მოუწოდებს
იულია ნავალნაია საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსებს პროტესტისკენ მოუწოდებს. „ჩვენ არჩევნების დღე იმის საჩვენებლად უნდა გამოვიყენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრი ვართ. ჩვენ ნამდვილი, ცოცხალი ხალხი ვართ და პუტინს ვეწინააღმდეგებით. თქვენ საარჩევნო უბანზე ერთსა და იმავე დროს უნდა მიხვიდეთ - 17 მარტს შუადღისას“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ.
იულია ნავალნაიამ აღნიშნა, რომ ხალხმა, რომელიც მისი მეუღლის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე დიდი რაოდენობით მივიდა, მას იმედი მისცა.
„რა უნდა გააკეთოთ შემდეგ? არჩევანი თქვენზეა. პუტინის გარდა, შეგიძლიათ ხმა ნებისმიერ კანდიდატს მისცეთ. შეგიძლიათ ბიულეტენი გააფუჭოთ, შეგიძლიათ დიდი ასოებით „ნავალნი“ დაწეროთ. მაშინაც კი, თუ ხმის მიცემაში აზრს ვერ ხედავთ, შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ, საარჩევნო უბანზე დადგეთ, შემდეგ შებრუნდეთ და სახლში წახვიდეთ“, - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.