დედა-შვილზე მოძალადე კაცს სასამართლომ 25 000-ლარიანი კომპენსაცია დააკისრა
"უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძალადეს, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, მსხვერპლი ქალისა და მისი შვილის სასარგებლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კომპენსაციის - 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ბენეფიციარები წლების განმავლობაში მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
"ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ეკონომიკური გაძლიერების გზაზე, „უფლებები საქართველომ“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძალადეს, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, მსხვერპლი ქალისა და მისი შვილის სასარგებლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კომპენსაციის - 25 000 ლარის - გადახდა დაეკისრა.
ბენეფიციარები წლების განმავლობაში იყვნენ მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. „უფლებები საქართველო“ დედა-შვილის ინტერესებს 2019 წლიდან იცავდა სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელიც მოძალადე კაცის დამნაშავედ ცნობით დასრულდა. გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ კი, ორგანიზაციის იურისტებმა, მოძალადისგან კომპენსაციის მიღების მიზნით, სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში სამოქალაქო სარჩელზე დაიწყეს მუშაობა.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა, სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად, წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც მორალური ზიანის არსებობის ფაქტზე მიუთითებდა. ადვოკატების არაერთი შუამდგომლობისა და განცხადების განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა დედა-შვილის სასარჩელო მოთხოვნა და, 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება: 10 000 ლარი - არასრულწლოვანი შვილის, ხოლო 15 000 ლარი ბავშვის დედის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ძალადობის შემსწრე არასრულწლოვანი დაზარალებულად არ იყო ცნობილი. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ მსხვერპლად მიიჩნევა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის თანახმად, „მოწმის“ ცნება გულისხმობს არა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებმაც იხილეს ძალადობა, არამედ - მათაც, ვისაც „ესმით ძალადობით გამოწვეული ყვირილი და ხმები“.
საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა განმხილველმა სასამართლომ გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ იურისტების პოზიცია და ძალადობის შემსწრე ბავშვი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირად მიიჩნია.
„უფლებები საქართველო“ მორალური ზიანის ანაზღაურების სტრატეგიულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს" - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.