თეონა აქუბარდია სანქციების გვერდის ავლის თემას ეხმიანება
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია სანქციების გვერდის ავლის თემას ეხმიანება.
„ჩვენ უკვე გვყავს ერთი მინისტრი, მთავრობიდან, რომელიც ოფიციალური ვერსიით, არასწორი კომუნიკაციის გამო, თანამდებობიდან გადააყენეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს ამასთან დაკავშირებით, დროულად და ადეკვატურად იქონიოს შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაცია და არა დაგვიანებით, რაც თავდასხმის ჭრილში იქნება განხორციელებული“, - განაცხადა აქუბარდიამ.
რადიო „თავისუფლების“ სტატიას, რომელიც სანქციებს ეხება, ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სტატია მანიპულაციურია, მიზანი კი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა. მინისტრი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკური ჯგუფები და კონკრეტული პირები.