თეგებით ძიება

ქელეხი - რიტუალი, რომელიც საუკუნეებს ითვლის

ქელეხი, ასევე ცნობილი როგორც რიგი ან აღაპი, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ გავრცელებული რიტუალური ღონისძიებაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ქართული წარმოდგენებით ეს წეს-ჩვეულება მიცვალებულის სულის პატივისცემისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იგი აქ გამოირჩევა მასშტაბურობით (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც ხშირად ასობით სტუმარი იყრის ხოლმე თავს) და საუბედუროდ, ზოგჯერ დიდ ღრეობაში გადაიზრდება ხოლმე.

დღესდღეობით, ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად წავაწყდებით კამათს ქელეხის ტრადიციასთან დაკავშირებით, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მოძველებური ტრადიციაა, ზოგიც მასში მიცვალებულის მიმართ უპატივცემულობას ხედავს.

დაკრძალვის შემდეგ ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების შეკრება გარდაცვლილის მოსაგონებლად, რომელსაც ჩვენ, როგორც ზევით აღვღნიშნეთ ქელეხს ვუწოდებთ დასავლურ სამყაროში; აშშ-სა და ევროპაშიც მიღებული წესია. გარდაცვლილს სასაფლაოს მახლობლად მდებარე ეკლესიაში ასვენებენ, მიმდინარეობს ლოცვა და პანაშვიდები, მე-3 დღეს კი კრძალავენ. დაკრძალვის შემდეგ კი მიცვალებულის სახლში (იშვიათად საცერემონიო დარბაზებში) მოკრძალებულად იკრიბება მიცვალებულის უახლოესი გარემოცვა (რამდენიმე ათეული ადამიანი) და იხსენებენ ისტორიებსა თუ ბედნიერ მოგონებებს მის შესახებ. პოლონეთში ასეთ ღონისძიებას "Stypa"-ს უწოდებენ, ხოლო ბრიტანეთსა და მის თანამეგობრობაში "Funeral wake"-ს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ქელეხი მხოლოდ ქართული რეალობა არაა და ის ქრისტიანული სამყაროსთვის და მათ შორის განვითარებული ევროპული საზოგადოებებისთვისაც ჩვეული რამაა. განსხვავება მხოლოდ ფორმებსა და ზომიერებაშია. ამ წეს-ჩვეულებაში ყველა იმას ხედავს რაც სურს.

ჩემი მოკრძალებული აზრით სადავო არაფერია, ქელეხს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და საყვარელი ადამიანების მხრიდან მიცვალებულის ერთად გახსენების აქტია, რომელსაც არაფერში სჭირდება გრანდიოზულობა თუ მასშტაბურობა. არაერთი ადამიანი დღეს, სწორედ ზედმეტი ხარჯების გამო ეწინააღმდეგება ამ ძირძველ წეს-ჩვეულებას, რადგან არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ქელეხი აუცილებლად პომპეზური უნდა იყოს, რაც მცდარი შეხედულებაა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა