საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს - ევროპის საბჭო
ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისიამ დაადგინა, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები ისევ უნდა გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში. კერძოდ, მონიტორინგის შეფასებით, მიღებული ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს.
ქართული ოცნება კი ევროპელ პარტნიორებს ისევ ანტიდასავლური პროპაგანდით უპირისპირდება და ამბობს, რომ არ აპირებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს ის პაკეტი, რომლითაც მას ერთპარტიული ცესკოს ფორმირების შესაძლებლობა გაუჩნდა.
საპარლამენტო უმრავლესობა ახლა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონით ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.